(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ცნობილი ქართველი ფიფას მსაჯი, ლანჩხუთელი ოთარ გუნთაძე აჭარის რეგიონში მსაჯთა კომიტეტს უხელმძღვანელებს. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იუწყება, 15 იანვარს, ბათუმში ჩატარდა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განხილულ იქნა რეგიონულ დონეზე სამსაჯო კომიტეტის შექმნის საკითხი. განხილვის შემდეგ, აფფ-ის აღმასკომმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ახლადშექმნილი კომიტეტის თავმჯდომარედ ფიფას ყოფილი არბიტრი ოთარ გუნთაძე დაამტკიცა.
ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ის ჰქონდა, რომ აქამდე, აჭარაში სამსაჯო ორგანოს არარსებობის გამო, აჭარა, ფაქტობრივად, ვერ აწვდიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალ სამსაჯო კადრებს.
აფფ-ის სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მსაჯობის მსურველი ახალგაზრდების მოზიდვა და დამწყები მსაჯების მომზადება სპეცკურსების საშუალებით (სამსაჯო წესები, ფიზმომზადების პრინციპები). სპეციალური მომზადების გავლისა და ტესტირების შემდეგ, წარმატებულ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ თავიანთ რეგიონში და პირველი გამოცდილება ადგილზევე მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ გუნთაძე ერთადერთი გურული მსაჯია, რომელის ფიფას არბიტრის კატეგორიას ატარებდა და წლების მანძილზე საქართველოს ჩემპიონატის პრინციპული მატჩების გარდა ევროპული რანგის შეხვედრებს უძღვებოდა. მსაჯობისთვის თავის დანებების შემდეგ იგი სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი მილჩენკოს მოადგილე გახლდათ, ხელმძღვანელობდა მსაჯთა ასოციაციას, ხოლო ამჟამად არის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის წევრი. ოთარ გუნთაძეს ეროვნული ჩემპიონატის მნიშვნელოვანი მატჩების დელეგატობას ანდობენ.