ამ წუთებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის მოსახლეობა, რომელიც სტიქიამ მნიშნელოვნად დააზარალა სოფლის ცენტრშია შეკრებილი და ხელისუფლების დახმარებას ითხოვს.
როგორც ლისის მცხოვრებლებმა გვითხრეს ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ცენტრალური გზის გაწმენდას აპირებს:
_ სახლებთან მისასვლელი გზები არ არის. მოიყვანეს ტრაქტორი და დააყენეს ცენტრში. არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს გააკეთონ. სახლებში ვერ შევდივართ. არც ეზოები გვაქვს, აღარც ჭიშკრები. მოვიდნენ, ნახონ რა დღეში ვართ. მდინარე მოედინება, _ გვითხრეს ადგილობრივებმა, რომლებიც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ადგილზე მისვლას ითხოვენ.
ხუნდაძე ამბობს, რომ მცხეთაში უკვე იყო და ახლა თბილისში გმირთა მოედანზეა:
_ დღის პირველ საათამდე ვიყავი მცხეთაში. ვისაც პრობლემა ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლება ეხმარება. ახლა თბილისში ვარ გმირთა მოედანზე და ხალხს ვეხმარები. გამგებელი უკვე ლისშია. ასევე, ყველა ტექნიკა იქ არის, მიმდინარეობს დაზარალარებულების დახმარება, _ გვითხრა ხუნდაძემ.
ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, "გურია ნიუსი" საგანგებო შტაბს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სპეციალური ჯგუფი ლისში რამდენიმე წუთში გაემგზავრება.