როგორც სამხრეთკორეული პრესა აცხადებს, ჩინეთი მზად არის გარიგებას შეუწყოს ხელი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკაში 10 მილიარდი დოლარის ოდენობით უცხოური ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს.
სავარაუდოდ, ჩინური ბანკებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ მოზიდული თანხები ჩრდილოეთ კორეაში სარკინიგზო მაგისტრალების, ნავსადგურებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას მოხმარდება.
ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისთვის 10 მილიარდი დოლარი უზარმაზარი თანხაა. ეს ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 40 პროცენტია.
ჯერჯერობით ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან თავს იკავებენ.
ჩინეთი, როგორც მსოფლიოში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე ახლო პარტნიორი, სხვებზე აქტიურად ცდილობს ეკონომიკურად გაჭირვებული მეზობელი სახელმწიფოსთვის დახმარების აღმოჩენას. ისიც აღსანიშნავია, რომ კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ჯერჯერობით დახურულია უცხოური ბიზნესისთვის.