ზოოპარკის ტერიტორიაზე სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე განთავსებულ საგანგებო შტაბს ეწვია და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მისი მოსაზრებით, სტიქიამ დღის წესრიგში დააყენა ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანის საკითხი.
"აქტიურად განიხილება ზოოპარკის სხვაგან გადატანის საკითხი და მის ტერიტორიაზე კი ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი იქნება გაკეთდეს პარკი, პირობითად სოლიდარობის პარკი. კარგი დასასვენებელი პარკი უნდა გაშენდეს ქალაქის ცენტრში,"–აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებაზე, ამინდის გაუარესების გამო სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ.
"ვინაიდან დღეს ამინდი შეიცვალა, მოსალოდნელია წვიმა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით ეს სამუშოები შეჩერდეს და მოხალისეები გამოვიყვანოთ ე.წ. კრიტიკული ზონებიდან", _ განმარტა პრემიერ–მინისტრმა.
მანვე მოუწოდა მედიას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
"შექმნილია საგანგებო შტაბი, ინფორმაცია სისტემატური რეჟიმში მოგეწოდებათ, ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა თქვენ არ გაქვთ, ასე, რომ ძალიან გთხოვთ მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში. ეს არის ჩემი თხოვნა იმიტომ რომ ეს არის კრიზისული ვითარება, კრიზისული სიტუაციის სწორად მართვისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობამდე. ამაში თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას, რომ სანამ არ მიიღებთ დადასტურებულ ინფორმაციას, არ გაავრცელოთ", _ განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტიქიის მიზეზების დასადგენად შეიქმნება ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი.