რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო შტაბმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც ამინდის შესაძლო გაუარესებას ეხმიანება. ინფორმაციამ, კატასტროფის ზონიდან მაშველების გაყვანასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში შიში გამოიწვია.
გთავაზობთ ამ განცხადებას: “13 ივნისს სტიქიური მოვლენების განვითარების შემდეგ, საგანგებო შტაბში შემუშავებულ იქნა პრევენციული ღონისძიებების გეგმა. დღეს ამ გეგმის შესაბამისად ვიმოქმედეთ. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია მდინარე ვერეს წყალშემკრები აუზის არეალში ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ, რამდენიმე წუთის განმავლობაში გახორციელდა მდგომარეობის გადამოწმება სასიგნალო სისტემის მეშვეობით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მდინარე ვერეს ხეობაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ. სამუშაოები განახლდება ამინდის გაუმჯობესებისთანავე.
ბაგებში და წყნეთი-ახალდაბას მიმართულებით მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური და ნებისმიერი შესაძლო გართულების შემთხვევაში, გახორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო თხოვნით მიმართავს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შეუწყონ ხელი მოსახლეობაში პანიკის გავრცელებას.
მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და ვაცხადებთ, რომ მდინარე ვერეს ხეობაში სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. ამასთანავე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან, _ ნათქვამია განცხადებაში.