თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წყნეთის ქუჩაზე მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს.
ადგილზე მოეწყობა 180-მდე ხიმინჯი და გაკეთდება საყრდენი კედელი. თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილია საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, რომლის ღირებულება 2 500 000 ლარი იქნება.
"წყნეთის 13 ნომერი არის ის ადგილი, სადაც ადიდებულმა მდინარემ მთლიანად ჩამოშალა საყრდენი კედელი და კორპუსთან ძალიან ახლოს მივიდა წყალი. შესაბამისად, მოგვიწია კორპუსის მოსახლეობის გაყვანა და დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები. გაიწმინდა პირველ რიგში მდინარის კალაპოტი და ახლა დავიწყეთ ხიმინჯებზე მუშაობა. აქ საკმაოდ მოცულობითი საინჟინრო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2 500 000 ლარია. 180-მდე ხიმინჯი უნდა მომზადდეს აქ, გაკეთდეს საყრდენი კედელი, რათა მდინარე წყნეთის ქუჩის მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო გახდეს", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე. წყნეთის №13-თან ადიდებულმა მდინარე ვერემ მთლიანად ჩამოშალა საყრდენი კედელი და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა.