პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერს იმ ტაქსის მძღოლის მოძებნა და დასაქმება დაავალა, რომელიც მოხალისეებს უფასოდ ემსახურება.
პრემიერ-მინისტრის სურვილია, პირადად შეხვდეს ამ ადამიანებს და მათ მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადოს.
"ჩვენ ყოველდღე გვესმის გმირობის ახალი ისტორიები, ყოველდღე ვახდენთ ახალი გმირების გამოვლენას. ვფიქრობ, ეს 24 წლის ახალგაზრდა უკვე გამორჩეული ადამიანია. უნდა ვეძიოთ ასეთი ადამიანები, გამოვარჩიოთ საზოგადოებისგან. ამ ახალგაზრდა კაცს, სტიქიის დასრულებისთანავე, თქვენ სამსახურიც უნდა მოუძებნოთ", – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიას.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ის გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებას თავი გმირობით დაამახსოვრეს, შესაბამის ჯილდოზე უნდა იყვნენ წარდგენილები.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის გიორგი ლომიძე ორი წელია, ტაქსის მძღოლად მუშაობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მგზავრებს უფასოდ ემსახურება.
ამავე თემაზე: უფასო ტაქსი მოხალისეებისთვის (ფოტო)