(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ქალაქ თბილისში საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ეგიდით, გაიმართა 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთა, ინსტრუქტორთა, მსაჯთა დაჯილდოვება, რომლის შედეგადაც, წლის 5-5 საუკეთესონი გამოვლინდნენ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 13-წლამდე სპორტსმენთა შორის კარატეში წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა ლანჩხუთელი გიორგი კეჭეხმაძე. გიორგისთვის გასული წელი ნამდვილად წარმატებული გახლდათ: ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი, კავკასიის ჩემპიონი, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული _ ასეთია მისი პირადი მონაგარი.
წლის საუკეთესო მსაჯებს შორის დასახელდა კარატე-დოს გურიის რეგიონის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ თურქია.
როგორც მერაბმა გვითხრა, მან გასულ წელს იმსაჯა ევროპის ჩემპიონატზე, ასევე, საქართველოს და საერთაშორისო დონის სხვადასხვა ტურნირებზე, სადაც მთავარი რეფერი გახლდათ.
მერაბ თურქია ასევე მიწვეული იყო პრეზიდენტის თასზე ქალაქ ბათუმში, კავკასიის ჩემპიონატზე თბილისში, ფოთის საერთაშორისო ტურნირზე და საქართველოს ოფიციალურ ჩემპიონატზე. აღნიშნული ორთაბრძოლების დროს ის მთავარი არბიტრი იყო.
აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია, ლანჩხუთელი სპორტსმენები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესონი არიან. 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად თათია თურქია აღიარეს, ხოლო საუკეთესო რეგიონად გურია დასახელდა.
მერაბ თურქია: “ეს უდავოდ დიდი წარმატებაა, რაც ჩვენი დიდი შრომის შედეგად იქნა მიღწეული. მეამაყება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში კარატის სექცია საკმაოდ კარგად მუშაობს. გასულ წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდით. წელსაც გვინდა წარმატებები გავაუმჯობესოთ. 10 სპორტსმენი თურქეთის ქალაქ ართვინში ევრაზიის თასზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს გაიმართება. ეს არის პირველი შეჯიბრი, რომელშიც მიმდინარე წელს ჩვენი კარატისტები გამოვლენ და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება”.
მერაბ თურქია აღნიშნულ ტურნირზე მსაჯად არის მიწვეული.