გამოცემა "USA Today"-ის ინფორმაციით ოთხწლიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ მაინც მიაღწია ამერიკული სამთო-მომპოვებელი კომპანია "ასარკოს" 1,79 მილიარდი დოლარის ოდენობით დაჯარიმებას გარემოს დაბინძურების გამო. მიღებული თანხა, რომელიც უკვე გადარიცხულია შესაბამის ანგარიშებზე, მავნე ლითონური შენარევებისგან ნიადაგისა და წყლის გასაწმენდ სამუშაოებზე დაიხარჯება.
იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც კომპანია "ასარკოს" დაეკისრა, სარეკორდოა ამერიკის შეერთებულ შტატებში აქამდე ჩატარებული ეკოლოგიური სასამართლო საქმეებისთვის.
პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ კომპანია, რომელიც ძირითადად სპილენძს მოიპოვებდა, ძალიან ხშირად არღვევდა ტექნოლოგიურ ნორმებს და საკუთარი წარმოების ნარჩენებს, უბრალოდ, წვავდა, რის შედეგადაც ტოქსიკური ნივთიერებები ნიადაგსა და წყალსაცავებში ხვდებოდა. კომპანიას ამერიკის 19 შტატში დაბინძურების 80 შემთხვევა დაუმტკიცდა.
"ასარკოს" წინააღმდეგ 2011 წელს შეტანილი სარჩელი, ფაქტობრივად, მისი გაკოტრების მიზეზი გახდა და საჯარიმო თანხის ნაწილი უკვე დედობილმა კომპანია "გრუპო მექსიკომ" გადაიხადა.
გაკოტრების პროცედურის დასრულების შემდეგ სწორედ მან მოიპოვა "ასარკოზე" კონტროლი გარემოს აღდგენითი პროექტები სპეციალურ ფონდებში კანონდამრღვევი კომპანიის მიერ გადარიცხული თანხის საშუალებით განხორციელდება.