თბილისის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო "რუმს ჰოტელ თბილისში" კონფერენცია "მდგრადი ენერგეტიკის დღეები 2015" გაიხსნა. კონფერენცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა.
ლექვინაძის განცხადებით, კონფერენცია ევროკავშირის "მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
თბილისი "მერების შეთანხმების" ხელმომწერი ქალაქია და ეს მიმართულება, რომელიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას და სათბური აირების ემისიის შემცირებას უზრუნველყოფს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიმართულება საბოლოო ჯამში ცხოვრებისათვის უკეთესი გარემოს შექმნას ემსახურება და თბილისი მომავალში ასეთი ტიპის სამაგალითო ქალაქად უნდა იქცეს", – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონფერენციას განათლების, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო სექტორისა და რეგიონებიდან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა "მერების შეთანხმების" ფარგლებში მომზადებული "მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის" (SEAP) განხორციელების ანგარიში, საქართველოს მასშტაბით „მერების შეთანხმების“ გეოგრაფიული არეალის გაფართოების ტენდენციები და თბილისში მიმდინარე მდგრადი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.
თბილისის მერია "მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს" ყოველწლიურად მართავს. კვირეულის გამართვის მიზანია მოქალაქეებისათვის იმ უპირატესობებისა და შესაძლებლობების ჩვენება, რომელიც ენერგიის რაციონალური გამოყენებით მიიღწევა.