"თევზების მასობრივმა გაქრობამ, რომელიც 360 მილიონი წლის წინათ მოხდა, ბიძგი მისცა ხერხემლიანი ცხოველების განვითარებას და საბოლოო ჯამში, ადამიანის წარმოშობას", – განაცხადეს ამერიკელმა მეცნიერებმა. ჩვენი პლანეტის ისტორიაში ცხოველთა თითქმის სრული ამოწყვეტა სულ ხუთჯერ მოხდა, რომლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხოველთა ერთ-ერთი ასეთი გაწყვეტა სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც პირველმა ხერხემლიანმა ცხოველებმა წყლიდან ხმელეთზე ამოსვლა დაიწყეს.
"ცხოველთა სახეობები, რომელთაც წყლიდან ამოსვლის შემდეგ სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს, გახდნენ ხერხემლიანი ცხოველების, მათ შორის ადამიანთა წინაპრები", – განაცხადეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიოლოგებმა. "დარტყმა ყველა ცოცხალმა ორგანიზმმა მიიღო, – განმარტავს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ლორენ სალანი, გაქრობა ყოვლისმომცველი და სრული იყო, რის შედეგადაც დაიწყო ხერხემლიანი ცხოველების სწრაფი განვითარება და პლანეტამ სრულიად სხვა სახე მიიღო."
დევონის პერიოდს, რომელიც 416 მილიონი წლის წინათ დაიწყო და 359 მილიონი წლის წინ დამთავრდა, ზოგჯერ თევზების საუკუნესაც უწოდებენ. დედამიწის ოკეანეები და ზღვები სავსე იყო თევზებითა და ზღვის ცხოველებით. სწორედ დევონის პერიოდის დასასრულს მოხდა რაღაც კატასტროფული მოვლენა, რომელმაც პრაქტიკულად, სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია დედამიწაზე და დაიწყო მისი განვითარება სუფთა ფურცლიდან. გადარჩენილი ცხოველების მცირე ნაწილმა მოახერხა გარემო პირობებთან შეგუება და მთელ პლანეტაზე განსახლებაც დაიწყეს.
სწავლულები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ ცხოველების მასობრივი გაქრობა (კელვასერის მოვლენა) მოხდა დევონის პერიოდის ბოლოს (397,5-385,3 მილიონი წლის წინათ), მაგრამ ხერხემლიანი ცხოველების ნარჩენების ანალიზმა მათ საშუალება მისცა, დაეზუსტებინათ დრო – სახეობათა მრავალფეროვნებაზე გადასვლა 15 მილიონი წლით გვიან, ხანგენბერგის მასობრივი გაქრობის შემდეგ მოხდა.
ლორენ სალანის კვლევები საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ, რომ ხანგერბერგის მოვლენებიდან 15 მილიონი წლის შემდეგ, დაიწყო იმ ხერხემლიანი ცხოველების გამრავლება, რომლებიც თანამედროვე ხერხემლიანი ცხოველების წინაპრები გახდნენ. სწორედ მათ აღმოაჩნდათ თანამედროვე ხერხემლიანთა ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, ხუთთითიანი დაბოლოებები, და ბევრი ის, რაც ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ჩანასახში ჩანს.