თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სპეციალისტებმა თბილისის მერთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები განიხლეს და ჯგუფის სამივე შეხვედრა შეაჯამეს. იმსჯელეს როგორც მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე, ასევე განიხილეს გრძელვადიან პერიოდში მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ მოკლევადიანი პერიოდისთვის მნიშვნელოვანია დროულად დასრულდეს გაწმენდითი სამუშაოები და ის მომდევნო კვირას დასრულდება. ასევე მნიშნელოვანია, რომ შევთანხმდით მოკლევადიან პერიოდში თამარაშვილი-გმირთა მოედნის გზის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც, ჩემი აზრით, უალტერნატივოა. ასევე, შევთანხმდით გრძელვადიან პერიოდში პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც უსაფრთხოებისა და ევაკუაციის კომპონენტს, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემის შემოღებას გულისხმობს. ერთ-ერთ საკითხად, აგრეთვე, იხილება დამბის მოწყობის საკითხიც, თუმცა, ამ ყველაფერს საბოლოოდ გვიჩვენებს ის კვლევა, რასაც ჩვენ უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ“,_ განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიაში უკვე შედგა შეთანხმება მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე.
„უკვე შეთანხმებულები ვართ მოკლევადიანი პერიოდის ამოცანებზე. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე მიეცა დავალება აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით და ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს,“_ განაცხადა დავით ნარმანიამ.
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.