თბილისის განვითარების ფონდმა კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობას რეაბილიტაცია, გამაგრება და რესტავრაცია ტენდერის დასრულებიდან 8 თვის ვადაში ჩაუტარდება. ხეთაგუროვის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 350 000 ლარია. წინადადებების მიღება 2015 წლის 2 ივლისიდან დაიწყება და 2015 წლის 7 ივლისის 13:00 საათამდე გაგრძელდება.
საცხოვრებელი სახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ არის შემუშავებული.
აღნიშნული ობიექტი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარეობს და ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაშია.
კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N7-ში განთავსებული სახლი თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ჩუღურეთში მდებარეობს. შენობა მე-19 საუკუნის შუა ხანებში, დაახლოებით 1850-იან წლებში აშენდა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვართა საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. ხის აივნებიანი სახლი სანაპიროს მხრიდან 2 სართულიანია, ხოლო ეკლესიისპირა მცირე ფლიგელი ერთსართულიანი.