გურიაში ყველაზე ბოლოს ოლიმპიური ჩირაღდანი დღეს 16 საათზე ლანჩხუთში შემოვიდა. ქალაქის ცენტრალურ სკვერში დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობასთან ოლიმპიური ცეცხლის მიტანის პატივი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს, წარსულში საფეხბურთო კლუბ „გურიის“ კაპიტანს, თეიმურაზ ჩხაიძეს ერგო, რომელმაც პატარა სპორტსმენებთან ერთად გაირბინა სიმბოლური მანძილი და თავად აანთო ოლიმპიური ცეცხლი.
ღონისძიება გასაგები მიზეზების გამო ნაკლებად პომპეზური გახლდათ. სიტყვით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, თავად თეიმურაზ ჩხაიძე და სპეციალურად სტუმრად ჩამოსული პარლამენტარები _ ბიძინა გუჯაბიძე, ელდარ კურტანიძე, გიორგი ვოლსკი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დღევანდელი დღე და მომავალი ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარების დიდ მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტები.