შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს I განყოფილების – სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ობიექტების დაცვის ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბერდია ხ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბერდია ხ-მ თავისივე თანამშრომელს, დაცვის უმცროს ინსპექტორს, პოლიციის რიგით ლერი ა-ს, ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებასა და სამსახურებრივ დაწინაურებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 600 აშშ დოლარი, ხოლო გამოართვა 300 აშშ დოლარი.
გამოძიება მოხელის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის I ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.