თუმცა, ეს ღონისძიება დაგვიანებული აღმოჩნდა _ თევზის 39 უნიკალური ჯიშიდან, რომელიც ძირითადად ამ ტბაში ბინადრობდა, ამ დროისთვის მხოლოდ სამი სახეობაღაა შემორჩენილი. გარდა ამისა, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება და მეცნიერები მის საერთოდ გაქრობას ვარაუდობენ.
ვიტალი გუჯაბიძე ამბობს, რომ პალიასტომის ტბაზე უკვე 30 წელია, თევზაობს. მებადურის საქმე აირჩიეს მისმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც. ამ რვასულიანი ოჯახისთვის თევზაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა:
“არავის უხარია, მთელი ღამე, ქარსა და წვიმაში, ნავში სიკვდილის პირისპირ დარჩეს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ადრე, ჩემს ახალგაზრდობაში, პალიასტომზე თევზაობაც ღირდა _ ერთ ღამეში ზოგჯერ იმდენი დაგვიჭერია, რომ წამოღება გაგვჭირვებია, მაგრამ ახლა თევზიც აღარ არის, გადაშენდა. ძნელი მისაგნებია ადგილი, სადაც იმდენი თევზის დაჭერას შეძლებ, კატერის ბენზინის ხარჯს ზევით მოგება რომ დაატოვებინო. ბევრჯერ უკან ცარიელიც დავბრუნებულვარ”, _ ყვება ჭარმაგი მებადური.
ექსპერტი ანზორ ტყებუჩავა, რომელიც პალიასტომის შესწავლით უკვე ათეული წლებია, დაკავებულია, ადასტურებს, რომ ტბაში თევზი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. მეცნიერის აზრით, ტბა ეკოლოგიურ კატასტროფამდე ხელოვნური ჩარევის შედეგად მივიდა: “შავ ზღვასთან პალიასტომის მოკლე არხით შეერთებამ ტბაში ზღვის მლაშე წყლის შეჭრა გამოიწვია, მთლიანად შეცვალა წყლის ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური რეჟიმი. ბუნებრივია, ამან იმოქმედა იქ არსებული ფაუნის სახეობების ცვლაზე, რადგან მტკნარ წყალს თავისი სახეობები ჰყავს, მლაშეს _ თავისი. თევზის 39 სახეობიდან ტბას მხოლოდ სამი სწორედ ამიტომ შემორჩა”, _ განმარტავს ექსპერტი.
პალიასტომის ტბიდან თევზების სხვადასხვა ჯიშების გაქრობის ამ ვერსიას ადგილობრივი მოსახლეობაც ეთანხმება: “ყველაფერი შეიცვალა. ადრე მარტო წყალი იყო, ახლა მცენარეებით იფარება ყველაფერი. თქვენც ხედავთ, რომ ეს კარგის ნიშანი არ არის”, _ გვეუბნება 80 წელს მიტანებული სერგო ანთელავა.
“ტბა უმოკლესი გზით შავ ზღვას, მალთაყვის არხით, 1934 წლიდან დაუკავშირდა. შედეგად, ტბა შავი ზღვის ღია უბედ გადაიქცა. ნელ-ნელა ქიმიური შემადგენლობით ტბის წყალი ზღვის წყალს დაუახლოვდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა პალიასტომის სხვადასხვა სახეობის თევზზე”, _ ნათქვამია 1987 წლის დასკვნაში, რომელიც მოსკოვის ეკოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
ანზორ ტყებუჩავა თევზის სახეობების განადგურებას პალიასტომზე მომუშავე ტორფის კარიერებსაც უკავშირებს. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ტბის ფსკერიდან ტორფის ამოღება არასწორი მეთოდით ხდებოდა: “ტორფის ამოღება უნდა მომხდარიყო მთლიან სიღრმეში, რომელიც 5-6 მეტრია, მაგრამ ექსკავატორებით იჭრებოდა მხოლოდ 2 მეტრი, დანარჩენი იქვე რჩებოდა. ტორფის ყოველი მოჭრისას იწყება ჟანგვა-აღდგენითი პროცესი და ხდება ბიოგენური გაზების გამოყოფა. ეს ტოქსიკური გაზებია. თევზებმა ამასაც ვეღარ გაუძლეს”, _ განმარტავს მეცნიერი.
მისი მოსაზრებებისგან განსხვავებით, ზემოხსენებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ტორფის კარიერის გამოყენება პალიასტომში შემორჩენილი თევზის სახეობების გადასარჩენად არის შესაძლებელი: “ტორფის კარიერებისგან” წარმოქმნილი ხელოვნური ტბები საუკეთესო ადგილია სხვადასხვა სახეობის თევზის, მათ შორის კეფალის მოსაშენებლად”.
ანზორ ტყებუჩავა ტბის გადარჩენის ერთადერთ გზად პალიასტომისა და ზღვის დამაკავშირებელი ხელოვნური არხის ამოვსებას და მის ნაცვლად ტბის ბუნებრივად მკვებავი მდინარეების ამოწმენდას მიიჩნევს: “წინააღმდეგ შემთხვევაში, ტბა, შესაძლოა, 50 წელიწადში საერთოდ გაქრეს, როგორც ეს მოხდა ტბა იმნათის შემთხვევაში”, _ ასკვნის მეცნიერი. იგივე ვარაუდია გამოთქმული მოსკოვის ეკოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტის დასკვნაში.