დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მიერ ბექა თავდიშვილის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უსაფუძვლობის გამო შეწყვიტა.
საქმე ეხება 2015 წლის 24 მაისს რესტორან თამარიონის წინ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ბექა თავდიშვილი და ნოდარ სირაძე, ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
ადვოკატი კახა ჩავლეშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესებზე პოლიციელთა მხრიდან დადასტურდა ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც შესწავლილი და შეფასებული უნდა იქნეს სპეციალური კომპეტენციის ორგანოების მიერ.
ჩავლეშვილის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბექა თავდიშვილის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ წაყენებული პრეტენზიები უსაფუძვლო იყო, რასაც მოყვა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ბექა თავდიშვილის განმარტებით, ის უკანონოდ დააკვეს და მის ახლობლებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გარდა ამისა, ამ ფაქტის გამო, ოთხი შვილის მამა სრულიად უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა.
"სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგანაც პოლიციის თანამშრომლებს არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ ბექა თავდიშვილის ქმედება შეეფასებინათ, როგორ ხულიგნობა ან პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა" _ განმარტავს თავდიშვილის უფლებების დამცველი.