ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქციების ლეგიტიმურობის საკითხი კვლავაც აქტუალურია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რიგი ფრაქციები კანონდარღვევითაა შექმნილი და, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. მსგავსი განცხადებების გაკეთებისას ოპოზიციას მხედველობაში "ქართული ოცნება _ კონსერვატორები" ჰყავს, თუმცა, "მრეწველთა" ფრაქციის ლეგიტიმურობითაც ინტერესდებიან.
სწორედ, ამ საკითხზე მოუხდა მსჯელობა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას.
თუმცა, მანამდე კომისიამ განიხილა და უფლებამოსილება ოფიციალურად შეუჩერა ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს", რადგან სამი წევრისგან შემდგარი ფრაქციის რიგები რამდენიმე დღის წინ დატოვა ლესის მაჟორიტარმა ელისო ჭიჭინაძემ. სწორედ, ჭიჭინაძის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა გარკვეული ძვრები მუნიციპალიტეტის საკრებულოში და დეპუტატების ნაწილი, ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ალაპარაკდა რიგი ფრაქციების ლეგიტიმურობაზე.
მიუხედავად ოპოზიციის მტკიცებისა და კანონის მოშველიებისა, თავის მხრივ, კანონდარღვევას ვერ ხედავს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე, რომელიც "სრულ უფლებას უტოვებს ოპოზიციას, საიდანაც უნდათ, იქიდან მოაბან კუდი ნებისმიერ საკითხს".
დეპუტატი კახა ასკურავა, რომელიც იმავდროულად ბიწაძის კომისიის წევრიცაა, ინტერესდება, როგორ და რის საფუძველზე შეიქმნა თავის დროზე კოალიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლითაც საკრებულო აგრძელებს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას და ბიწაძისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღებას ითხოვს საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფრაქციის შექმნის უფლება უპრობლემოდ ჰქონდა თავად "ქართულ ოცნებას" და "თავისუფალ დემოკრატებს", რადგან, კანონის თანახმად, ფრაქციის შექმნა მაშინაა შესაძლებელი, თუ, მინიმუმ, მისი სამი წევრი თანაპარტიელია.
"ფრაქციების შექმნაზე მსჯელობა კომისიაზე არ ყოფილა, ყველა შეიქმნა 24 ივნისს, პირველ საკრებულოს სხდომაზე, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ, რომლის თავმჯდომარეც მე ვიყავი. კომისიაზე გავლილია მხოლოდ მოგვიანებით შექმნილი ფრაქციების _ "მრეწველებისა" და დეპუტატ თედორაძის ფრაქციის შექმნის საკითხები. სამომავლოდ ამ საკითხს ამომწურავად შევისწავლი და უახლოეს კომისიის სხდომაზე ყველას მივაწვდი ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე და როგორ შეიქმნა ფრაქციები", _ ამბობს რომან ბიწაძე.
ფრაქცია რომ კანონიერად აქვს შექმნილი, ამაში დარწმუნებულია "კონსერვატორთა" ფრაქციის თავკაცი ალექსანდრე მახათაძე.
რომელიმე პარტიის წევრობას უარყოფს იოსებ სარჯველაძე, რომელიც "კონსერვატორთა" ფრაქციაშია გაწევრიანებული, თუმცა, სარჯველაძესთან დაკავშირებით, საკუთარი პრეტენზიები აქვს "თავისუფალ დემოკრატ" ელგუჯა ჩხაიძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ სარჯველაძე მისი პარტიის წევრია და მას არ ჰქონდა უფლება სხვა ფრაქციაში გაწევრიანებულიყო. ჩხაიძემ სარჯველაძის პარტიულობის დასტურად, თავად სარჯველაძის მიერ საოლქო-საარჩევნო კომისიაში წინასაარჩევნოდ შევსებული დოკუმენტი წარმოადგინა, რომელშიც სარჯველაძე ადასტურებს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" წევრია. აქედან გამომდინარე, ჩხაიძე "კონსერვატორებს" არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ბიწაძის კომისია "კონსერვატორების" ლეგიტიმურობის საკითხის განხილვას მანამ არ აპირებს, სანამ, თავის მხრივ, ელგუჯა ჩხაიძე საკრებულოს ოფიციალურად არ მიმართავს უმრავლესობის რიგების დატოვების თაობაზე. "თავისუფალი დემოკრატი" ჩხაიძე ამბობს, რომ ის არც არასდროს ყოფილა უმრავლესობის წევრი, რადგან მისი ფრაქციის სახელწოდებაში, სხვებისგან განსხვავებით, არ იყო ნახსენები "ქართული ოცნება". თუმცა, მისი ეს არგუმენტი რამდენად საკმარისია, ამას კანონი და დრო გვიჩვენებს.