ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, უნივერმაღისა და საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე , ავტომანქანების გაჩერებაზე მომუშავე ოპერატორები, ე.წ. "სტაიანშიკები" ქვითრის არ ამოწერის გამო დააჯარიმეს. მათ დახმარებისთვის "გურია ნიუსს" მიმართეს:
"სიცხეში, წვიმაში, მტვერში, ნაგავში მთელი დღე 2 და 3 ლარის გამო ვდგავართ და 20 თეთრიანი ქვითრის გამო 200 ლარით გვაჯარიმებენ, ეს სამართალია? ყველანაირად დაუცველები ვართ, ასე მათხოვრულად ვართ და კიდევ ორასი ლარი როგორ გადავიხადოთ? დღეს 4 ლარი გავაკეთე და სახლში პური უნდა მივიტანო.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე სამი დააჯარიმეს. მანამდე არავინ არ მოსულა, არავის არ მოსვლია აზრად. ფაქტიურად ვერც მოახერხებ ქვითრის ამოჭრას, მოდიან და არ ვიცით ვინ გვაჯარიმებს, არც სახელს და გვარს წარმოგვიდგენს. გვაინტერესებს, 20 თეთრის გამო 200 ლარით უნდა დაგვაჯარიმონ?" _იქნებ დაგვეხმაროთ, გვითხრეს მოლარე ოპერატორებმა. მათი თქმით, თუ განმეორდება მსგავსი ფაქტები, იძულებულნი გახდებიან, თბილისში მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობა გამოაცხადონ.
უბნის ოფიცერთა სამმართველოს გურიის სექტორის წარმომადგენელი ნოდარ ინწკირველი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ოპერატორებსა და მათ დამქირავებლებს გაფრთხილება მისცეს ამასთან დაკავშირებით :
"ჩვენ მათ და ხელმძღვანელებს მივეცით გაფრთხილება, რომ თავიანთი საქმიანობა მოექციათ კანონიერების ფარგლებში, დანარჩენი მიმართეთ შემოსავლების სამსახურს" _გვითხრა ინწკირველმა.
"გურია ნიუსი" აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და ვრცელ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.