ბრალდებულების შალვა მამალაძის, ბესიკ ბორჩხაძის, ნოშრევან ქვეითაიას და გიგა შეშელიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კვლავ გრძელდება.
ბრალდებულები თითქმის 9 თვეა პატიმრობაში იმყოფებიან. ოთხივე მათგანი ქალაქ ოზურგეთში ლესელიძის ქუჩის მცხოვრებნი არიან, ბრალად კი ინდ მეწარმეების დავით და ნიკოლოზ აბაშმაძეებისგან თანხის გამოძალვა ედებათ.
ბრალდებულების ინტერესების დამცველი სოსო ჯალაღონია "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი კანონდარღვევებით მიმდინარეობდა.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა გაგრძელდა, დაიკითხნენ სამი გამომძიებელი, ნათია შარაძე, ნათია სანიკიძე და პაატა ხარაბაძე. მათ ისე აურიეს და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს, რომ ფაქტობრივად დაცვის მხარეს სასარგებლოდ გადმოვიდნენ, გამოჩნდა რომ ვერ მოიტყუეს, ფაქტობრივად ბრალდების ყველა მოწმემ ჩვენება მისცა დაცვის მხარის სასარგებლოდ, მისცეს არა შეგნებულად, უბრალოდ დაიბნენ და აერიათ, მათ ვერ შეძლეს ბრალდების მხარის გამყარება და მათი პოზიციები ვერ ჩამოაყალიბეს, პროკურორი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლობა არ ვიცი", _ ამბობს სოსო ჯალაღონია და სასამართლო პროცესების დაჩქარების მიზეზს განმარტავს.
"სასამართლოს ეჩქარება ამ პროცესის დამთავრება, იმიტომ, რომ 8 ივლისს გადის 9-თვიანი პატიმრობის ვადა, ამიტომ ეჩქარება მოსამართლეს, ეჩქარება პროკურატურასაც, აქ კანონიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუ უკანონო, ეს იმდენად არ აინტერესებთ, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საპროცესო ვადების ფორმალური მხარეების დაცვა და ამიტომ ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად ჩაიფარცხოს საქმე და მიესაჯოს ამ ბიჭებს.
სასამართლოს უკვე გამზადებული აქვს განაჩენი ამ ბიჭებისთვის და ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი ჩვენ ამას ვხედავთ, თუმცა სააპელაციო სასამართლო ამდენ დარღვევას ასე არ დატოვებს, ჩვენ ყველანაირ ზომებს მივმართავთ ბრალდებულების კანონიერი გზით დასაცავად", _აღნიშნავს ბრალდებულებების უფლებების დამცველი.
ამავე თემაზე: