30 ივნისს, თბილისში ტარდება "მდგრადი ენერგეტიკის დღე", რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
_ 30 ივნისს, 11:00 სათზე, თბილისის მერიის შენობის მეორე სართულზე, ოფიციალურად გაიხსნება ტექნოლოგიური გამოფენა, რომელიც ტარდება ევროპის "მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის" ფარგლებში (მისამართი: თბილისი, ჟ. შარტავას # 7).
გამოფენას გახსნის თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.
გამოფენა ტარდება კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერით და გამოფენა იმუშავებს 30 ივნისს 17:00 სთ-მდე.
ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მწარმოებლების და მომწოდებლების მიერ წარმოებული და იმპორტირებული განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ წარმოდგენილი პროდუქცია.
_ 30 ივნისს, 17:00 საათზე თბილისის მერიის შენობის პირველ სართულზე გაიმართება სტუდენტური არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორთა საზეიმო დაჯილდოება. დაჯილდოებას დაესწრება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.
კონკურსის მიზანი იყო, სტუდენტთა საკურსო ნაშრომებიდან იმ არქიტექტურული პროექტების გამოვლენა, რომლებიც მაქსიმალურად გაითვალისწინებდნენ მდგრადი განვითარების და "მწვანე" არქიტექტურის პრინციპებს.
კონკურსის მხარდამჭერნი არიან: თბილისის მერია, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/ვინროკ-ის (USAID/Winrock) დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერების (EC-LEDS) პროგრამა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2009 წლიდან ტარდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საინფორმაციო-კულტურულ-სპორტული ღონისძიებები იმართება ე. წ. სუფთა ენერგოტექნოლოგიების და სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით. წლევანდელი კონკურსი და ღონისძიება ტარდება "განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტი"-ს ფარგლებში, დაფინანსებული BP-საქართველოსა და მისი ნავთობი და გაზის ბიზნესში პარტნიორების მიერ.