როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ჩხაიძე სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა, მეორე დღესვე, სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია _ “ბუდეში დადებული მჭიდი” _ ზემდგომიდან დაგეგმილი და შეკვეთილი უნდა ყოფილიყო, “პროფესიონალურად” ვერ შესრულდა და “ჩავარდა”. თუმცა, როგორც წესი, ასეთ ფაქტებს უფრო დაბალი რანგის ძალოვნები ეწირებიან.
გახმაურებული სკანდალის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო, ამ ფაქტს კი ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უბნის რწმუნებულების განყოფილების უფროსი, ლაშა ქირია შეეწირა.
ლაშა ქირია ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში უბნის რწმუნებულად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ის გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსის, გიგა ჯაფარიძის კადრად მოიაზრებოდა. მანამდე ქირია ურეკის განყოფილების უფროსი იყო. შემდეგ იგი ცირეკიძემ ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში უბნის რწმუნებულების უფროსად გადაიყვანა, თუმცა, მალევე მოხსნეს. უბნის რწმუნებულის უფროსის მოვალეობას, ჯერჯერობით, ასევე გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, დავით ცირეკიძის კადრი, გიორგი გიგინეიშვილი ასრულებს. გიორგი გიგინეიშვილი გურიის სამხარეო ყოფილი უფროსის, გელა გიგინეიშვილის შვილია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ეს უკანასკნელი ცირეკიძესთან ახლობლობს.
ასევე, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ გიგა ჯაფარიძის კადრი ალეკო ბირთველიშვილი სამსახურს ამ დღეებში დატოვებს.
პოლიციაში კი კადრების გადანაცვლება გრძელდება _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს გელა ხომასურიძე და უჩა ლომჯარია, რომლებიც ოზურგეთის რაიონული სამმართველოში უბნის ინსპექტორებად მუშაობდნენ, ხოლო მთავარი სამმართველოდან რაიონულში ირმა სიორიძე და კახა კუპრაძე უბნის რწმუნებულებად გადაიყვანეს.
გია ტუღუში, რომელიც ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში დეტექტივის თანაშემწედ მუშაობდა, დააქვეითეს და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში უბნის რწმუნებულად დანიშნეს.
ჯერჯერობით, უცნობია, პოლიციელთა აღზევება და დაქვეითება რის საფუძველზე ხდება.
“გურია ნიუსი” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად რამდენიმე მაღალჩინოსან ძალოვანს დაუკავშირდა. გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, დავით ცირეკიძის მოადგილე, ალეკო ბირთველიშვილი “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ ის, ჯერჯერობით, საკუთარ მოვალეობას ასრულებს: _ ჯერჯერობით, ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ჩემი წასვლის შესახებ ოფიციალურად ჯერ ჩემთვის არავის განუცხადებია. თუ გადასაყვანი ვიქნები, ალბათ, ამას უფროსობა გადაწყვეტს. ისე, თუ რაიმე გაინტერესებთ, გთხოვთ, პრესსამსახურს მიმართოთ _ მე ვერ გელაპარაკებით. ბოდიშს გიხდით, _ გვითხრა ბირთველიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ “გურია ნიუსის” შეკითხვები მოისმინა და გვიპასუხა: არ ვარ საქმის კურსში, გავარკვევ და დაგირეკავთ, _ თუმცა აღარ დაურეკავს.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით ცირეკიძემ კითხვა, რატომ დაითხოვეს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უბნის რწმუნებულების უფროსი სამსახურიდან, უპასუხოდ დატოვა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.