ტიბეტური წარმოშობის 11 თვის ლეკვი, მეტსახელად "ხონდონგი", რაც ჩინურად დიდ ტალღას ნიშნავს, ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლია მსოფლიოში. ჩინელმა მილიარდერმა ის მილიონ-ნახევარ დოლარად იყიდა.
შეთანხმების წვრილმანები საიდუმლოდ ინახება. ხონდონგს ღია წითური ფერის ბეწვი აქვს და უკვე 81 კილოგრამს იწონის. ძაღლი განსაკუთრებული დიეტით გაზარდეს. მის მენიუში შედიოდა: ქათმისა და საქონლის ხორცი, ეგზოტიკური ჩინური დელიკატესები, მათ შორის – ზღვის კიტრი…
"დარწმუნებული ვარ, ხონდონგი არა მარტო საყვარელი მეგობარი იქნება თავისი პატრონისთვის, არამედ ბიზნესის შესანიშნავი წყაროც: შეუძლია ძაღლი გასამრავლებლად სხვებს ათხოვოს – ძაღლების მოყვარულები ყოველ შეწყვილებაში 15 ათას დოლარს იხდიან. ასე რომ, ლეკვში გადახდილი თანხა რამდენიმე წელიწადში პატრონს უკან დაუბრუნდება", – სიამაყით აცხადებს ხონდონგის გამზრდელი.
ტიბეტური მასტიფი ძაღლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჯიშია. ლეგენდის მიხედვით, ამ ჯიშის ძაღლები ჰყავდათ ჩინგიზ-ხანს და ბუდას. მათ ძალზე იშვიათად შეხვდებით ტიბეტის გარეთ, ის წმინდა სისხლის ჩინური ჯიშია და სწორედ ეს აძლევს მას ექსკლუზიური ძაღლის სტატუსს.