საუმაღლესლიგო პლეი-ოფისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს ლანჩხუთის “გურია” _ გიგლა იმნაძის შეგირდები ორჯერად ვარჯიშებთან ერთად, ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავენ. ბოლო შეხვედრაში, ლანჩხუთელებმა გურულ დერბიში ოზურგეთის “მერცხალს” 2:0 მოუგეს. მანამდე კი კიდევ ერთ თანალიგელ _ ბათუმის “დინამოსთან” 0:0 ითამაშეს. სულ “გურიამ” 5 ტესტ-მატჩი გამართა, რომელთაგან 4 მოიგო _ ისევ “მერცხალთან” (4:1) და უმაღლესლიგელებთან: ფოთის “კოლხეთთან” 2:0 და ზუგდიდის “ბაიასთან” _ 2:1. გუნდის ძირითადი ბირთვი შერჩეულია, თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერება ისევ იგეგმება. “გურია” განსაკუთრებით მეკარის დამატებას ლამობს, რადგან “ვიტ ჯორჯიას” ყოფილმა მეკარემ, არდალიონ მიქაბერიძემ ლანჩხუთში მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა და ძირითად მეკარეობას რატომღაც ფოთის “კოლხეთში” გადასვლა და ლადო ნადირაშვილთან კონკურენტობა ამჯობინა. “გურიას” უცხოეთიდან დაბრუნებული ორი ქართველი მეკარიდან ერთ-ერთის გადაბირება სურდა, მაგრამ ალავიძემ ბათუმის “დინამოს” მიაშურა, ხოლო ბუბუტეიშვილი უცხოეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved