ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დღეიდან ახალი ნაგავმზიდი მანქანები დაასუფთავებს. ოზურგეთს გამგეობას 5 ახალი მანქანა და 410 სანაგვე ბუნკერი გადაცეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, ორი ნაგავმზიდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა, ხოლო ერთი, დროებით, კურორტ ბახმაროს მოემსახურება.
"გარდა ამისა, ივლისის შუა რიცხვებში დამატებით ორი მისაბმელიანი ტრაქტორის შეძენასაც ვგეგმავთ. ტრაქტორები იმ სოფლებს მოემსახურება, სადაც ახალი ნაგავმზიდი მანქანები შესვლას ვერ შეძლებენ, – ამბობს ჭანუყვაძე.
დასუფთავების ახალი მანქანები მუნიციპალიტეტის გამგებელს და გურიის გუბერნატორს – გია სალუქვაძეს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების სამმართველოს უფროსმა გიორგი ცინცაძემ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა – გიორგი შუხოშვილმა გადასცეს.
მანქანებთან ერთად მუნიციპალიტეტმა დამატებით კონსტრუქციულად შესაბამისი 350 სანაგვე ურნა შეიძინა.
ნაგვის ურნები განთავსდება ურეკში, შეკვეთილში, ნატანებსა და შრომაში.
საკურორტო ზონებიდან მყარი ნარჩენების გატანა კი დღეში 3-ჯერ მოხდება
.