13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ სპეციალური დოკუმენტი თბილისის საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ სხდომაზე აღნიშნა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ზიანის ასანაზღაურებლად მომზადდა სპეციალური წესი, რომლითაც ზიანის კომპენსირება მოხდება. წესის თანახმად, დაზარალებულთა ორი კატეგორია გამოიყო. პირველს მიეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა სახლები მდინარემ წაიღო, ან გამაგრებას არ ექვემდებარება. დავით ნარმანიას განცხადებით, ასეთი კატეგორიების ოჯახებისათვის საცხოვრებლების უზრუნველსაყოფად გაიცემა ფულადი კომპენსაცია ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით.
თბილისის მერის თქმით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებლები შეკეთებას ექვემდებარება. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული წესის თანახმად, ამ სახლების ფართის რემონტი გამგეობებმა უნდა უზრუნველყონ. ასეთ ოჯახებს ასევე გადაეცემათ საოჯახო ნივთების პაკეტი, ასევე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ოჯახები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.