საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური ვითარების გამო, საქართველო ითვალისწინებს, რა იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1, 2 და 3 ივლისს საკნსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს.
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ შემდეგი სახის საკონსულო მომსახურებები: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება; სანოტარო აქტი – მინდობილობის დამოწმება (საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმის წარმოების შესახებ); სანოტარო აქტი – ხელმოწერის დამოწმება (თანხმობა არასრულწლოვანი პირების მგზავრობის შესახებ, სახელის დარქმევის შესახებ); სხვადასხვა სახის ცნობები (ე.წ. ოჯახური შემადგენლობის შესახებ, იდენტურობის შესახებ); საკონსულო ლეგალიზაცია – დაბადების მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
"საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ქ. სალონიკში გენერალური საკონსულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას", _ აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.