საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის მოადგილე თეონა აქუბარდია ერთი წლით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად მიემგზავრება.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, აქუბარდია ლონდონში თავდაცვის სამეფო კოლეჯში ერთწლიან კურსს გაივლის.
კურსი საერთაშორისო სტრატეგიულ კვლევაში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, უსაფრთხოების, ეკონომიკის და სოციალურ საკითხებს სტრატეგიულ დონეზე შესწავლას.
როგორც "გურია ნიუსს" აქუბარდიამ უთხრა, კოლეჯში სწავლება სექტემბრიდან იწყება და 2016 წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.
აქუბარდია ამ პერიოდში თანამდებობას ინარჩუნებს და სწავლის დასრულების შემდგომ კვლავ გაგრძელებს საბჭოში მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
"აღნიშნულ კურსზე კონკურსის შედეგად მოვხვდი. საქართველოდან სულ მონაწილეობას სხვადასხვა უწყებების 20 წარმომადგენელი იღებდა და ერთი კანდიდატი შეირჩა. სასწავლებლად ივლისის ბოლოს მივემგზავრები. სწავლას ხარჯებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს", _ აღნიშნა აქუბარდიამ.