ოზურგეთში, 1 თებერვალს, დილით დაწყებულმა თოვამ მეორე დილამდე შეუჩერებლად გასტანა. არა ერთ სოფელს პირველ თებერვალსვე აღარ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. 2 თებერვალს, დილით კი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება. დილის 9 საათზე, ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური ტრასა აბსოლუტურად გაუწმენდავი იყო და ერთადერთი მიკროავტობუსი, როგორც მისმა მძღოლმა “გურია ნიუსს” უთხრა, ღმერთის და ახალგამოცვლილი საბურავების იმედად მიდიოდა ბათუმში.
ჯერჯერობით, არც ერთ სოფელში არ არის გზა გაწმენდილი. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ქალაქში _ ოზურგეთის რამდენიმე ცენტრალური საავტომობილო გზა და მოედანი 9 საათისთვის უკვე გაწმენდილი იყო და ავტომანქანებიც მოძრაობდნენ.
დილაადრიან, ოზურგეთის კომუნალური მომსახურების გამწვანების სექტორის თანამშრომლები, ბამბუკის ჭოკებით ხელში, თოვლით დამძიმებულ მარადმწვანე მცენარეებს ჯგუფურად ბერტყავდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, სამსახურის უფროსმა აკაკი ჭანუყვაძემ წინა საღამოს მზადყოფნა გამოაცხადა და და ახლა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მათივე თქმით, ბულდოზერებით მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ქალაქის ცენტრალური ქუჩები, თუმცა, ახლაც რთული სიტუაციაა.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, იგი ოზურგეთში მხოლოდ აქ-იქ მიეწოდებათ, ძირითადი ნაწილი კი გამორთულია. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერმა გია ნაკაიძემ “გურია ნიუსს” უთხრა, რომ “დაზიანებებია და რა ვქნათ, ჩაირთვება დენი, ზოგან _ ერთ საათში, ზოგან _ ორ საათში, ზოგან კი _ სამ საათში, ზუსტად ვერაფერს გეტყვითო”.