ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ელექტრონული მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგავს იწყებს. ამის შესახებ საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შედგა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიმდინარე წლის სექტემბრიდან სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას იწყებს, რაც გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.
"ჩვენ თანდათან ვხვდებით თვისობრივად ახალი საკრებულო და პირველი მუნიციპალიტეტი, რომლიც ასეთ ქმედით ნაბიჯებს დგამს, როგორც გამჭვირვალობის კუთხით, ასევე ეფექტურობის თვალსაზრისით. ღია რეჟიმში საკრებულოს სხდომების ტრანსლაციით ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპების საჯაროობისა და გამჭვირვალობისკენ ვაძლიერებთ ჩვენს ქმედებებს, ხოლო 2016 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლა , რომელიც შედგენისთანავე ეფექტურობას ითხოვს, არამარტო მუშაობის პროცესს, არამედ თითოეულ თეთრს გახდის კიდევ უფრო გამჭვირვალეს" – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ.
პროექტის სახელწოდებაა "მართე სახლიდან" და მას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გურიის ახალგაზრდული რესუსრცენტრი, საკრებულოს თანამონაწილეობით ახორციელებს.
"ეს მართლაც კარგი წამოწყებაა. ჩვენ ვმუშაობთ ღიად და საჯაროდ. გამგეობა მიესალმება საკრებულოს ამ ინიციატივას. იმისთვის, რომ სხდომები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადოთ და უფრო მეტად გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობაში,"- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა.