წაქცეული ბოძები, დაწყვეტილი, როგორც მაღალი და დაბალი ძაბვის სადენები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების უმრავლესობა _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელს, გუშინ გვიან ღამიდან დენი არ მიეწოდებოდა.
მიუხედავად დიდთოვლობისა, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის თანამშრომლები დაზიანების ადგილზე დილიდანვე მუშაობენ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
როგორც “გურია ნიუსს” “ენერგო – პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერმა გია ნაკაიძემ უთხრა, დაზიანების ადგილზე გასულია სპეციალური ბრიგადები.
მისი თქმით, დაღამებამდე კიდევ მოხერხდება რამდენიმე სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
“რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, რომელიც სარემონტო სამუშაოების წარმოებას აფერხებს, კომპანიის ტექნიკური პერსონალი კვლავ განაგრძობს 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რათა დროულად მოვახდინოთ გათიშული აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა”, _ გვითხრა გია ნაკაიძემ.