დღეს საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის აგარიშსს უსმენდნენ. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"სახალხო დამცველის რეკომენდაციები, ბუნებრივია უმეტესწილად გასათვალისწინებელია. ზოგიერთი მიმართულებით ქმედითი ღონისძიებები უკვე გატარებულია, რაც შედეგობრივად უახლოეს პერიოდში რეალურ ასახვას ჰპოვებს.
საყურადღებოა სახალხო დამცველის გამოსვლა ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბესთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის განმარტებით, ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის შესწავლას არასათანადო ყურადღება ეთმობა და ბავშთვთა სიკვდილიანობა რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია საქართველოში.
ბავშვთა სიღარიბე რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაუძლეველია, ეს რეალობაა. ვფიქრობ, ამ დროისათვის უკვე განხორციელებული სოციალური პროგრამები და სულ ახლახანს შემოღებული სოციალურად დაუცველთა ოჯახებისათვის ბავშვის დანამატი ბავშვთა სიღარიბეს უახლოეს პერიოდში 7,3 -დან 3,3% -მდე შეამცირებს. რაც შეეხება ბავშვთა სიკვდილიანობას, საქსტატის მონაცემებით, ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია.
2014 წელს (2012 წელთან შედარებით) 1 წალმდე ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში 20%-ით შემცირდა, ხოლო მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო კავკასიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა", – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.