საგამოძიებო სამსახურის მოწვევით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში ბელარუსის დელეგაცია იმყოფებოდა. ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფინანსური საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს იგორ მარშალოვს და ამავე კომიტეტის ფინანსური საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ ანალიტიკური სამმართველოს უფროსს იური მეხედოვს ქართველი კოლეგები ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მასპინძლობდნენ. ქართულ მხარეს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფორმატში ბელარუსმა და ქართველმა სამართალდამცავებმა ფისკალური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის პროცესში ოპერატიულ – ტექნიკური მექანიზმების გამოყენების საშუალებები, ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ კოორდინირებული საქმიანობისას უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურ მნიშვნელობაზე.
ბელარუსმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ერთმანეთს წარმატებული მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაგეგმეს.