ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 თებერვალს დაამტკიცა.
დებულების მიხედვით, აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების გახორციელების ხელშეწყობას.
სამსახური შედგება უფროსისა და მთავარი სპეციალისტებისგან. ამ სამსახურში დასაქმებულებმა, შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება უნდა უზრუნველყონ. ასევე, სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ. მათ ევალებათ, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა. ამ საქმიანობასთან ერთად, ევალება გამოსცენ და შეადგინონ საინფორმაციო ბიულეტენები და ბუკლეტები.
დებულებაში მითითებულია, რომ სხვა საქმიანობებთან ერთად, უფროსმა და სპეციალისტებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი.
სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს გამგებლის წარდგინების საფუძველზე საკრებულო დაამტკიცებს. ხოლო აღნიშნულ სამსახურს სატრანსპორტო, სახელფასო და საკანცელარიო ხარჯისთვის 20 000 ლარი დაუმტკიცდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სამსახურს კოტე სარიშვილი უხელმძღვანელებს. სარიშვილი დღემდე ოზურგეთის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსია.