"პლანეტის ჩრდილოეთ რეგიონების მცხოვრებთა ტვინი და თვალები უფრო დიდია, ვიდრე სხვა რეგიონების მცხოვრებლებისა, რადგან ასე უფრო ადვილი გადასატანია ხანგრძლივი და ბნელი ზამთარი," – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები.
მათ შეისწავლეს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების თვალის ფოსოს ზომები და თავის ტვინის მოცულობა. აღმოჩნდა რომ, რაც უფრო შორს ცხოვრობენ ადამიანები ეკვატორიდან, მით უფრო დიდი ტვინი აქვთ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან, არამედ ტვინისთვის აუცილებელია აღიქვას მეტი ვიზუალური ინფორმაცია, რაც ჩრდილოეთ განედებზე მცირე განათების გამო გაძნელებულია.
"ამიტომ ადამიანმა ევოლუცია განიცადა – მისი თვალები ხდებოდა სულ უფრო დიდი. დიდი უნდა გამხდარიყო მისი ტვინიც, რათა დაეძლია ვიზუალური ინფორმაციის დამატებითი მოცულობა", – განაცხადა ოქსფორდის ანთროპოლოგიის სკოლის კვლევების ხელმძღვანელმა ეილუნედ პირსმა. კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანი იმ ევოლუციური გზით განვითარდა, რომლითაც ცხოველები. ანუ გარემო პირობებმა განსაზღვრეს გარეგნობა.
მაგალითად ფრინველებს, რომლებიც ჩრდილოეთში ცხოვრობენ, როგორც წესი, ძალზე დიდი თავი და თვალები აქვთ, როგორც ბუებს, რომლებიც სიბნელეში ნადირობენ.
კვლევებში გამოიყენეს ინგლისის, ავსტრალიის, კანარის კუნძულების, ჩინეთის, საფრანგეთის, ინდოეთის, კენიის, მიკრონეზიის, სკანდინავიის, სომალის, უგანდისა და ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ მცხოვრებთა თავის ქალები.
სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინისა და თვალების ზომები პირდაპირაა დამოკიდებული იმ ქვეყნის მდებარეობაზე, სადაც ეს ადამიანები დაიბადნენ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყველაზე დიდი ტვინი აქვთ სკანდინავიის მცხოვრებლებს, ხოლო ყველაზე პატარა – მიკრონეზიელებს.