თბილისის მერი დავით ნარმანია და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამერიკის მეგობართა კლუბისა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ბეისბოლის მატჩს დაესწრნენ.
მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე "ლოკომოტივზე" ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და აშშ–ის საზღვაო ქვეითა გუნდს "მეომრებს" შორის გაიმართა, რომელსაც ჯეფ რენზი მსაჯობდა.
თამაშის დაწყებისას პირველი საპატიო ტყორცნა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განახორციელა. ღონისძიება დაჭრილ მეომრებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერას მიეძღვნა.
დღესვე ამერიკის მეგობართა კლუბმა ქართული ბეისბოლისა და სოფტბოლის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თბილისის მერი დავით ნარმანია, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სპეციალური მადლობის დიპლომებით დააჯილდოვა.
საქართველოს რეგიონებში, იმერეთსა და სვანეთში ბეისბოლის განვითარების და კლუბების ჩამოყალიბებისათვის დაჯილდოვდნენ ასევე, კლუბები: "Mac-Georgia", "Mac-Latali", "Georgian Baseball Academy", "თბილისის ზღვა" და "Wolves".
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.