შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარეს
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის შესახებ.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა კუმისის განყოფილების ავტოცისტერნა. იმის გამო, რომ ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა და იყო ხანძრის ფართო ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება, ოპერაციაში ჩაერთნენ თბილისის, გარდაბნის და რუსთავის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 14 სახანძრო და სამაშველო ერთეული. ხანძრის ქრობის ღონისძიებაში მონაწილეობდა 120 მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი. ხანძრის შედეგად დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ტიპის ნაგებობა. დაშავებული არაა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.