1 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს. სხდომა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა და მას 27 დეპუტატი ესწრებოდა.
დეპუტატებმა ჩამოთვლილ საკითხებს სწრაფი ტემპით უყარეს კენჭი. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანა იყო _ ბიუჯეტის ტრანსფერი 7 312 400 ლარით განისაზღვრა, მათ შორის, გამოთანაბრებითი ტრანსფერი 7 110 400 ლარია, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერი _ 222 000 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 1760000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა გზების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და ეზოების კეთილმოწყობა-რეაბილიტაციისთვის გადანაწილდება. აგრეთვე ამ თანხიდან მოხდება ცენტრალური ქუჩების ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის აღდგენა, გარე განათების მოწყობა და ოზურგეთის სკოლამდელი დაწესებულებების და მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია.
როგორც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეს, ჩამოთვლილი პროექტების გასახორციელებლად 1 700 500 ლარი დაიხარჯება, ხოლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა 59 500 ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს სხდომაზევე უყარეს კენჭი საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცებას.