შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გივი გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი მამუკა მგალობლიშვილი 6 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში, ხოლო მისი მეწყვილე ავტომანქანიდან მოქალაქის დაჯარიმების მიზნით გადავიდა. ამ დროს მამუკა მგალობლიშვილს გამვლელმა – გივი გ-მ ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი დაშავებულმა პატრულ-ინსპექტორმა და მისმა მეწყვილემ შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორი მამუკა მგალობლიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს.
გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო და მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც პოლიციელისაათვის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.