"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მთავრობას მოუწოდებს, ყოველგვარი პოლიტიკური სიძულვილის გარეშე მიიღოს ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება – 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვების ოდესაში, უფასოდ დასვენების თაობაზე და გააკეთოს ამის ორგანიზება.
როგორც ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი იბლოკება.
"ყველამ იცით, რომ უკრაინის მთავრობის მხრიდან იყო შეთავაზება სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს უფასოდ დაესვენათ ოდესაში. ეს შეთავაზება საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა გააცნო. უკვე 4 კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ საქმეში წინსვლა არაა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შესაბამის უწყებებს ეკონტაქტება, რომ მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია, მოხდეს ორგანიზება და ბავშვების ოდესაში წაყვანა, მაგრამ ეს თემა საქართველოში თბილისის მერიის მხირდან დაბლოკილია. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ თვითონ დაზარალებული ოჯახებიც.
გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, იმ კონკრეტულ უწყებებს რომლებთაც ეს საკითი პირდაპირ ეხებათ, არ იხელმძღვანელონ ოპონენტების სიძულვილით, პოლიტიკური მოტივაციით და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან მდგომარეობაში, როცა ადამიანები სახლ-კარის გარეშე დარჩნენ, უამრავი პრობლემა აქვთ, ბავშვების უფასოდ დასვენება დიდი შეღავათია. მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს, მოაგვაროს პრობლემები და არ შექმნას ბიუროკრატიული შეფერხებები საკითხის გადაწყვეტისას", _ განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
"გურია ნიუსი" ცდილობს დედაქალაქის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდეს. მათ კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.