შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე მგზავრმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანა სცადა.
"შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შემოტანის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს. მათ შორის, 4 ივლისს, სგპ "ვალეს" კონტროლის ზონაში თურქეთის მხრიდან შემოსული კანადის მოქალაქე ე.ა.ჯ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი APO-TRAMADOL – 10 აბი, ხოლო 5 ივლისს, თურქეთის მოქალაქე ჰ.ი.-ის ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი GERALGINE-K – 18 აბი", – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
"ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი "ტრამადოლი" (20 აბი) აღმოაჩნდა 5 ივლისს, სგპ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე, სომხეთის მოქალაქე ს.ს.-ს. მებაჟე ოფიცრებმა პრეპარატი მგზავრის ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამართველოს გადაეცა", _ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.