მშენებლობის სანებართვო აქტის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული კვირის ოთხშაბათს დაადგინა. მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა, დეპუტატების მხარდაჭერის შედეგად განისაზღვრა.
დადგენილება, ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის, გადახდილის დაბრუნების წესს და პირობებს არეგულირებს.
თუ განმცხადებელს სურს, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების თაობაზე აქტი დაჩქარებული წესით მიიღოს, მას ამ მომსახურების მიღებისთვის მოსაკრებლის გადახდა მოუწევს _ ერთი დღის ვადაში აქტის მიღება 1 000 ლარი ღირს, სამი დღის ვადაში თანხა ნახევრდება და 500 ლარს შეადგენს. ეს, რაც შეეხება II კლასის შენობა-ნაგებობას, თუ მისი საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 300 კვადრატულ მეტრს.
III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კი ასე განისაზღვრა: 1 500 კვადრატულ მეტრამდე და მიწის ზედაპირიდან 14 მეტრამდე შენობა-ნაგებობისთვის სანებართვო აქტის მიღების მსურველს, ერთი დღის ვადაში 2 000 ლარის გადახდა მოუწევს, 3 დღის ვადაში _ 1 000 ლარის, ხოლო 5 დღის ვადაში _ 500 ლარის.
თუ ფართი 1 500 კვადრატული მეტრს აჭარბებს და 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობს არ აღემატება, შესაბამისად, მომსახურების ფასიც მატულობს. კიდევ უფრო იზრდება ფასი, როცა მშენებლობა 6 000 მეტრ ფართობს აღემატება და თან IVკლასის შენობა-ნაგებობაზეა საუბარი. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელს, თუ სურვილი ექნება ერთ დღეში მიიღოს სანებართვო აქტი, 4 500 ლარის გადახდა მოუხდება, 5 დღეში _ 2 500 ლარის, ხოლო 10 დღეში _ 1 000 ლარის.
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების თაობაზე აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში _ 200 ლარს, 3 დღის ვადაში კი 50 ლარს შეადგენს.