სპორტული დავების განმსაზღვრელი დამოუკიდებელი არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის "გურიიდან" გაშვებული მწვრთნელების _ თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიას სარჩელები დაკმაყოფილდა.
ოფიციალური ინფორმაციით კლუბს მომჩივანთათვის განაცდური ხელფასის და მიმდინარე წლის ბოლომდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდა მოუწევს.
კლუბის პრეზიდენტის ზაზა ურუშაძის თქმით გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ:
_ დეტალებს გაივლიან კლუბის იურისტები და გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, _ გვითხრა ურუშაძემ.
მისივე ინფორმაციით კლუბი სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მოცემულ ვადაშიც ჩაეტევა და შესაბამისად, ლანჩხუთის "გურია" უმაღლეს ლიგაში დარჩება:
_ ჯარიმას გადავიხდით 14 ივლისამდე და დავრჩებით უმაღლეს ლიგაში. არანაირი პრობლემა არ ექნება გუნდს.
_ ბატონო ზაზა, როგორც ვიცით კლუბს თანხა არა აქვს. როგორ აპირებთ ჯარიმის გადახდას?
_ გადავიხდით, აუცილებლად მოვახერხებთ და ლანჩხუთის "გურია" უმაღლეს ლიგაში დარჩება, _ დასძინა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ სფფ-ს აღმასკომმალანჩხუთის "გურიას" წერილი გუშინ განიხილა. სფფ-ის აღმასკომის 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, კლუბი, რომელიც ლიცენზირებაზე უარს განაცხადებდა, ჯარიმის სახით, 1 ივლისამდე უნდა გადაეხადა 50 ათასი ლარი.
_ "გურიამ" ლიცენზირება არ გაიარა; ხოლო ჯარიმა ჯერაც არ აქვს გადახდილი. კლუბის ხელმძღვანელები, სწორედ, ამ ჯარიმის გადახდის გადავადებას სთხოვდნენ აღმასკომის წევრებს, რომლებსაც არსებული მდგომარეობა პირადად მოახსენა კლუბის ლიცენზირებისა და ტრანსფერების მენეჯერმა – ირაკლი ვაშაკიძემ, _ აღნიშნულია სფფ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღმასკომის გადაწყვეტილებით, "გურიას" 14 ივლისის 18:00 საათამდე მიეცა ვადა, გადაიხადოს თანხა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უმაღლეს ლიგაში ავტომატურად ჩაანაცვლებს "ვიტ ჯორჯია" (სპორტული პრინციპით, ჩანაცვლება რუსთავის "მეტალურგს" ეკუთვნოდა, თუმცა, რადგან კლუბს არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა, გაარძელოს ასპარეზობა, არ გაუვლია ლიცენზირების პროცესი, გასულ სეზონში დაკავებული ადგილის მიხედვით, ჩანაცვლების პირველი კანდიდატია "ვიტ ჯორჯია").