თბილისის მერი დავით ნარმანია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, სტეფან ჰაიკინის შეხვდა.
შეხვედრაზე 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგები და სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს. სტეფან ჰაიკინიმ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დახმარების მზადყოფნა გამოხატა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, USAID-ი ქართულ მხარეს სტიქიის ზონაში რისკების შესწავლის მიმართულებით დაეხმარება.
"აშშ-ს განვითარების სააგენტომ 13-14 ივნისის სტიქიის მიზეზებზე საინტერესო კვლევა ჩაატარა. კვლევა სამომავლოდ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროს დაგვეხმარება. ვისაუბრეთ ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით ინსტიტუციური მხარდაჭერის კუთხით", – განაცხადა დავით ნარმანიამ.
USAID-ის მისიის დირექტორის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ის რისკები, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.
"დღეს სამუშაო შეხვედრა გვქონდა თბილისის მერთან. ვისაუბრეთ სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე. ვისაუბრეთ აშშ-ს სატყეო სამსახურის ექსპერტებთან დაკავშირებით, რომლებიც სტიქიის საკითხებზე მუშაობენ. გვქონდა ასევე ეკოლოგიის თემაზე საუბარი. ვისაუბრეთ მდინარე ვერეს კალაპოტზე. აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს იმ რისკების აღმოფხვრა, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია", – განაცხადა სტეფან ჰაიკინიმ.
თბილისის მერიაში დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ქეროლ უილსონი და USAID-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ლომინაძე.