ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან- ჯონ შიმკუსთან, ტედ პოსთან (რესპუბლიკური პარტია), უილიამ კიტინგთან და მაიკლ ტერნერთან (დემოკრატიული პარტია). შეხვედრები ამერიკის შერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 7-8 ივლისს გაიმართა.
დავით ბაქრაძემ კონგრესმენებს ინფორმაცია მიაწოდა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, ასევე, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. თავის მხრივ, კონგრესმენებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მზადაა აქტიურად განაგრძოს აღნიშნულ პროცესში საქართველოს დახმარება და ხელშეწყობა.
შეხვედრებზე, ასევე, ხაზგასმითა ღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად იყო და იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. კონგრესმენებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისათვის. "გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ველით პროგრესს და შესაბამისად, მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის თვალსაზრისით. ვიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებებს, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით." -განაცხადა დავით ბაქრაძემ კონგრესში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ.
ვიზიტი სფარგლებში, 8 ივლისს, სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ასევე, შეხვედრა გამართა გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტთან კარენ დონფრიდთან. მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე- ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
სამუშაო ვიზიტის დასასრულს, დავით ბაქრაძემ ქ. ვაშინგტონში მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით კანადაში გაემგზავრება, სადაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან რობ ნიკოლსონთან ტორონტოში. ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ღონისძიება ატლანტიკურ საბჭოში გაიმართება.