სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისი", სადაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი გაიმართება, ოფიციალურად გაიხსნა.
სპორტულ კომპლექსი "ახალ თბილისი" საზეიმოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და "თბილისი 2015" – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნეს.
კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს ერთიანებს, ესენია: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. თითოეული არენა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, შეკრებები მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში გაიარონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სულ მალე თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად.
"ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც რამდენიმე არენას აერთიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ, ივარჯიშონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. „ახალი თბილისის“ სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც "თბილისი 2015-ის" მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ახალი თბილისი" მხოლოდ "თბილისი 2015"-ის სპორტულ ღონისძიებებს არ უმასპინძლებს. სპორტული ობიექტებით სარგებლობის საშუალება მომავალში სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებს ექნებათ.
"ეს პროექტი არ არის მხოლოდ ოლიმპიადისთვის, ეს არის პროექტი ჩვენი დედაქალაქის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისა და ჩვენი პატარების სამომავლო ჯანსაღი ცხოვრებისთვის. სწორედ ამისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ამ ობიექტებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ღირსეულ ღონისძიებას უმასპინძლებს . შესაბამისად, ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ აღნიშნული სპორტული ობიექტები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ", – განაცხადა დავით ნარმანიამ.
"ახალი თბილისის" გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ოლიმპიური თემატიკის ქანდაკება "ოლიმპიური ალი" გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან ვარდოსანიძეა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" თბილისში 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს საქართველოს 13-დან 18 წლამდე ასაკის 4 000-მდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა. სტუმრების საერთო რაოდენობა კი 10 000-ს მიაღწევს.