აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გასულ წელთან შედარებით 2,02%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
"აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სამიზნე ქვეყნებში არსებული არასახარბიელო სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისა, ივნისის მაჩვენებლები არა თუ შენარჩუნდა, არამედ მცირედი ზრდაც ( 0,44 %) დაფიქსირდა.
2015 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3 %-ია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,4 %-ით არის გაზრდილი წინა წლის ივნისთან შედარებით.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა, მათზე მთლიანი ვიზიტების 86% მოდის.
ივნისში განსაკუთრებულად მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთიდან (+47%), სომხეთიდან (+33%) და აზერბაიჯანიდან (+15%). არამეზობელი ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა ყაზახეთი (+40%), ბელორუსი (+56%), ისრაელი (+26%) და გაერთიანებული საამიროები, საიდანაც რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლა გაიზარდა 6 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ 2 332 303 შეადგინა, ზრდამ კი 3.5%. ზრდის კუთხით გამოირჩევა ბელორუსი (+47%), ყაზახეთი (+32%), ლიტვა (+27%), გაერთიანებული სამეფო (+22%) და გერმანია (+18%). აქვე აღსანიშნავია ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+12%)", – ნათქვამია ინფორმაციაში.