მილიარდერების კულინარიული მიდრეკილებები უმეტეს შემთხვევაში, განსხვავდება უბრალო ადამიანების გატაცებებისგან.
უორენ ბაფეტი, ლეგენდარული ფინანსისტი საკვების ამბავში სულაც არ არის პრეტენზიული. მილიარდერის საყვარელი კერძია ჰამბურგერი, პოპკორნი, ტკბილეულიდან კი – შოკოლადის ნაყინი. სასმელებიდან ბლის გაზირებულ სასმელს ანიჭებს უპირატესობას. ცნობილია, რომ ბაფეტი დიდად არ იხარჯება საჭმელზე, იგი დღეში თავის რაციონში 1 000 კალორიაზე მეტს არ იღებს.
„ფეისბუქის” მფლობელი და მილიარდერი მარკ ცუკერბერგი ცნობილი იყო როგორც ვეგეტარიანელი, ბოლო დროს კი ხორცის ჭამაც დაიწყო. თუმცა, ამას თავისებური დატვირთვა აქვს, ხორცი აუცილებლად მარკის მიერ დაკლული ცხოველისა და ფრინველის უნდა იყოს.
რომან აბრამოვიჩი ტრიუფელის ჯიშის სოკოს მოყვარულია. ერთხელ მან ერთ-ერთ აუქციონზე თეთრი ტრიუფელი 1,5 მილიონ რუბლად შეიძინა, თუმცა მისგან კერძის დამზადება ვერ მოახერხა და სოკო მაცივარში გაფუჭდა. მედიის ცნობით, ერთხელ აბრამოვიჩმა ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ტრიუფელისგან დამზადებულ კერძში 50 ათასი ფუნტი გადაიხადა. ასევე, ცნობილია ფაქტი, რომ ბაქოში, რესტორანში, აბრამოვიჩმა სასწრაფო რეისით ლონდონის ჩინური რესტორნიდან სუშის პორცია გამოაგზავნინა.
რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას სამზარეულოში სხვადასხვა ეროვნების მზარეულები მუშაობენ მონაცვლეობით, რომლებიც მას ნაირფეროვან კერძებს უმზადებენ. მაგალითად, იაპონელ მზარეულს დერიპასკა ხელფასის სახით თვეში 10 ათას დოლარს უხდის.
თავის დროზე რუსეთიდან გაქცეულ და ინტერპოლის მიერ ძებნილ სკანდალურ ოლიგარქს, ბორის ბერეზოვსკის ქართული სამზარეულოს კერძები უყვარდა. ასევე, მისი უსაყვარლესი კერძი გახლდათ სპაგეტი თეთრი ტრიუფელით.
რუსეთის პრეზიდენტობაზე მეოცნებე მილიარდერი მიხაილ პროხოროვი სისხლიანი ბიფშტექსის მოყვარულია. იგი ცნობილია, როგორც გურმანი. იმასაც ამბობენ, რომ ორმეტრიან პროხოროვს არასდროს დაულევია 20 გრადუსზე მეტი სიძლიერის ალკოჰოლური სასმელი.