გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტ თეიმურაზ ნანეიშვილთან ერთად დიდი დმანისის (აბულბუქის ტერიტორია ) მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
დიდი დმანისის მოსახლეობამ მინისტრს კომპანია RMG -ის მიერ გამოწვეული პრობლემების მოგვარება სთხოვა. მათი თქმით, კომპანიის მუშაობის შედეგად ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი. ამასთან, მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურაც.
მინისტრის გადაწყვეტილებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყოველთვიურად ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგს განახორციელებენ და მიღებული შედეგებს მოსახლეობას სრულყოფილად მიაწვდიან.
შეხვედრის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდ.მაშავერასა და კაზრეთულას რამდენიმე წერტილიდან წყლის და ნიადაგის სინჯები აიღეს. სინჯებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სააგენტოს ლაბორატორიაში შეამოწმებენ და განსაზღვრავენ ძირითად კომპონენტებს. წყლის სინჯების აღების პროცესს ადგილზე მეცნიერებათა აკადემიის წამომადგენელი ესწრებოდა, რომელიც მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურად იქნება ჩართული.
დიდი დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრას RMG-ის წარმომადგენლები, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.