დღეს ქალაქის მერმა გურიის ქუჩაზე, ბაზრის წინ მდებარე კერძო სავაჭრო ობიექტების გარე-ფასადებისა და ხსენებული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
მასშტაბურ პროექტს, რომელიც ამჟამად გურიის ქუჩაზე ხორციელდება, შპს "ჯორჯიან ბილდინგ კომპანი" ასრულებს. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელშიც სავაჭრო ობიექტების მოვაჭრეები 30%-ით შევლენ.
40 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით თვენახევარში დასრულდება და ქალაქის ცენტრალური ბაზრის იერსახე საბოლოოდ მოწესრიგდება.
სავაჭრო ობიექტების გარე-ფასადების რეაბილიტაციის პარალელურად, ხსენებულ ქუჩაზე შპს "გზამშენი-18"-ის მიერ გზისა და ტროტუარის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე ხეების ჭრას ითვალისწინებს.
ჭადრები, რომელიც მოიჭრა, ხელს უშლიდა სანიაღვრე არხებს, ასევე, დაზიანებული იყო თავად ხეების კორპუსი და ფესვები.
ხეების ჭრა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N18 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი არანაირად არ საჭიროებს გარემოს დაცვის სამსახურისა და სატყეო სამსახურის ნებართვას.
ქალაქის მერია ყველა იმ ქუჩაზე, სადაც ხე სიძველის გამო მოიჭრა, შემოდგომაზე ახალ, მარადმწვანე ჯიშებს დარგავს.
(R)